პროდუქცია
“გიდელი”
გიდელი - წნელისა და ტკეჩისაგან მოწნული უყურო, მოგრძო პირგანიერი და ძირწაწვეტილი ჭურჭელია, რომელსაც ხეზე ჩამოსაკიდად კავი აქვს გამობმული. იხმარება მაღლარის ყურძნის და ხილის კრეფისას ხილის ჩასაყრელად, ხიდან ჩამოსაშვებად და გადასატანად. დასავლეთ საქართველოში ვაზს მაღალ ხეებზე უშვებენ (მაღლარის ყურძენი). რთველისას ყურძნის მკრეფავს ხის კენწერომდე აცოცება უხდება. მას თან ააქვს გიდელი, რომელსაც კაუჭით ტოტზე ჩამოჰკიდებს და შიგ ყურძენს ათავსებს. როდესაც გიდელი გაივსება, მას თოკით ქვევით უშვებენ. წაწვეტებული ფორმაც გიდელს მიტომ აქვს, რომ ტოტებს შორის არ გაეჩხიროს და მიწამდე გზა ადვილად გაიკვლიოს. გიდელი განსაკუთრებით უყვართ გურულებს. სახელგანთქმული გურული ვაზი - ჩხავერი, ხომ ხშირად მაღალ ხეებზე იზრდება და მას გიდელით კრეფენ. გურულებმა გიდელს სიმღერაც მიუძღვნეს, რომელსაც რთველის დროს მღეროდნენ. 
“გიდელი”
“ტოტი”
ვენახს და ვაზს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართველი კაცის შემეცნებაში. ვენახი-ბევრი ვაზის ძირებია მიწაში ფესვებით ღრმად გადგმული, ხოლო მიწის ზევით-მძლავრი ტოტებით განშტოებული. ტოტებზე მტევნებია ჩამოკიდებული, რომლებიც  ტოტებიდან საკვებს იღებენ და სიცოცხლით ივსებიან. ტოტი მშობელივით უვლის მტევნებს. ზოგ ადგილებში, სადაც ბევრი მზეა, იგი მიწასთან ახლოსაა გართხმული. ზოგგან კი მაღალ ხეებს მიუყვება, ძნელად მისაწვდომ ადგილას, რათა მტევანს მზე არ დააკლდეს.  რა სჯობია ტალავერად* და ბაბილოდ** აცოცებული, მტევნებით დახუნძლული ტოტების ხილვას.
  აბა შეხედეთ ამ სურათს,  როგორ წამოწოლილა ეს ნორჩი საფერავი ამ ხანშიშესულ დაძარღვულ ტოტზე, რომელსაც მშობელივით შეუშვერია მხარი მტევნისათვის, რათა დაისვენოს, ერთი მარცვალიც არ დაუზიანდეს, და რთველს მომზადებული დახვდეს. 
  ტოტი მშობელია, რომლის მკლავებზე მრავალ მტევნებს უნებივრიათ და კვლავაც ინებივრებენ, ჩვენდა გასახარად.

*ტალავერი-ხეივნად გაშვებული ვაზი
**ბაბილო-ხეზე სიმაღლეში გაშვებული ვაზი

“ტოტი”
“დოინჯი”
დოინჯი - ადამიანის პოზაა, როდესაც იგი ორივე ხელს წელზე შემოიწყობს. ეს პოზა ხან დაკვირვებას, ხან დაყვავებას, ხანაც შემოწყრომას მიანიშნებს. დოინჯი - ხანდახან დასვენებაცაა, როდესაც ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ დოინჯშემოყრილს შეგიძლია ცოტა ამოისუნთქო. როგორც წესი დოინჯი ესაა ზედამხედველის პოზა, როდესაც ადამიანი რაღაცას აკვირდება და ფიქრობს. მაგალითად: დოინჯშემორტყმული ბატონი აკვირდება მოსამსახურეთა მუშაობას; დოინჯშემოყრილი- ციხის ზედამხედველი აკვირდება პატიმრების ქცევას და სხვა. 
შეხედეთ ამ დოინჯშემორტყმულ დოქს. ნუთუ ვერ ხვდებით რას გეუბნებათ  იგი: აბა რაღას უყურებ!  მოდი და შესვი ეს ჯადოსნური „მუკუზანი“! 
შესვი???  გაამოს!!!

“დოინჯი”
“ასკანა”
ასკანა გურიის პატარა სოფელია. გურია საქართველოს 11 ადმინისტრაციულ რეგიონს შორის ყველაზე პატარაა. იგი დასავლეთ საქართველოს კოლხეთის დაბლობის სიახლოვეს ტერიტორიაზეა განლაგებული. მისგან 22 კილომეტრში შავი ზღვაა. გურიას მდიდარი ისტორიული წარსული და კულტურული ტრადიციები აქვს. აქ მრავალი ეკლესია და არქიტექტურული მონუმენტია. საქვეყნოდაა ცნობილი გურიის სტუმართმოყვარეობა და პოლიფონიური სიმღერები. გურულმა სიმღერებმა, განსაკუთრებით კი „კრიმანჭულმა“ აღტაცებაში მოიყვანა არაერთი მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი (შტრავინსკი, ღაველი). ბუნების ეგზოტიკური სილამაზე, ზღვასთან სიახლოვე და გარშემორტყმული მთები გამოარჩევს გურიას საქართველოს სხვა რეგიონებიდან. ზღვის და მთის ჰაერის ნარევი ხელს უწყობს სუბტროპიკული კულტურების განვითარებას. გურია მეჩაიობის და მეციტრუსეობის ცენტრი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. გურული ვაზიდან „ჩხავერი“ განუმეორებელი არომატის უნიკალური მოვარდისფრო ღვინო დგება. ეს ღვინო ძალიან უყვარდა იოსებ სტალინს. ვაზი „ჩხავერი“ დამრეცი ფერდობების მაღალ ხეებზე იზრდება და მისი ფესვები ღრმადაა მიწაში წასული, რაც მნიშვნელოვანია გურიის რბილი ნიადაგის დასაცავად ზვავსაშიშროებისაგან.ასკანა, გურიის ერთ ერთი უმშვენიერესი სოფელია. იგი ცნობილია ლამაზი ბუნებით, ვენახებით და ღვინის მარნებით. ასკანაში XIX საუკუნის ბოლოს საუკეთესო ღვინის მარანი ჰქონდა ანთიმოზ ჩხაიძეს, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია “ასკანელი ძმების” და  “კტმ”-ის დაფუძნება.
“ასკანა”
“მტევანი”
ჩვეულებრივი ადამიანი  ვენახში შესვლისას, პირველად ყურძნის მტევანს აქცევს ყურადღებას, რომელიც ვენახის სახეს წარმოადგენს და ტკბება კარგად დამწიფებული მტევნების სილამაზით. მაგრამ გამოცდილი მეღვინე, ერთი  შეხედვით გრძნობს თუ რა ღვინო დადგება ამ დალოცვილი მტევნიდან.  სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ზომის და ჯიშის მტევნები ლამაზად იცქირებიან მწვანე ფოთლებიდან და რთველს ელოდებიან, რათა მათ მიერ დაგროვილი მზის ენერგია ღვინოდ იქცეს და ადამიანებს სიხარული მოჰგვაროს. ადამიანიც არ უკარგავს მადლს ყურძნის მტევანს. სწორედ მტევანია ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი ხუროთმოძღვრის შემოქმედებაში, რომელსაც ბუნების ეს სილამაზე, საუკუნეების მანძილზე, საყდრების კედლებზე და ტილოებზე გადააქვს ულამაზეს ჩუქურთმებში.
  ამ ჭურჭელში მოთავსებულ, ქარვისფერი ყურძნის მტევნებიდან დაწურულ ღვინოს “ალაზნის ველს”, რომ გასინჯავთ, წარმოიდგინეთ სავსე მარცვლებიანი რქაწითელის მტევნები. დაილოცეთ თქვენც და დალოცეთ ამ მტევნების დამწურავი.

“მტევანი”
“ძველი უბანი”
თავბრუდამხვევად გაიზარდა ცხოვრების რიტმი ჩვენს დროში. ძველი ინგრევა და ახალს  უთმობს ადგილს. ვერც 1550 წლის თბილისი გადაურჩა დროის ამ ფერხულს. მაგრამ ქალაქის ძველმა უბნებმა მაინც შეინარჩუნეს განუმეორებელი კოლორიტი და სილამაზე.  გადმოკიდებული თბილისის აივნები,  სწორსახურავიანი კოხტა- ბანიანი სახლები, რომელზედაც იკრიფებოდა მთელი ოჯახები, მეზობლები,  იყო ადამიანების ურთიერთობის  შესანიშნავი საშუალება. ეს აივნები, ვიწრო ქუჩები, იმდენად ახლოს იდგა ერთმანეთთან, რომ ერთი სახლიდან დალეულ სადღეგრძელოს, ქუჩის მეორე მხარეს აივანზე ალავერდს გადადიოდნენ. დრო ულმობელია, ახალი უნდა აშენდეს, მაგრამ ძველსაც მოვლა უნდა. ამ ჭურჭელში უძველესი კახური ღვინო „საფერავი“ ასხია, რომელსაც მრავალი საუკუნის წინ სვამდა ჩენი წინაპარი და როდესაც გახსნით ამ ჭურჭელს გაიხსენეთ ისინი, თქვენი ბავშვობა, ამ ქვეყნიდან წასულები და რომელი ქვეყნის შვილიც არ უნდა იყოთ ეს ღვინო მომავლის იმედს ჩაგისახავთ და ძალას შეგმატებთ.
შესვი!   გაამოს!

“ძველი უბანი”
2